პროექტის შესახებ

თქვენ შემოსული ხართ მუსიკალურ  ელექტრონული რესურსების პლატფორმაზე!

აქ წარმოდგენილი რესურსები განკუთვნილია ყველასათვის, მათ შორის შშმ პირებისთვის, მათი მშობლებისა და ოჯახის წევრებისთვის, მასწავლებისათვის, მუსთერაპევტებისთვის, სპეციალისტებისთვის, სსსმ მოსწავლეთათვის, დღის ცენტრის თანამშრომლებისთვის.

COVID- 19 პანდემიამ  საქართველოში, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, თანაცხოვრების ახალი წესები დააწესა. ადამიანების დღის განრიგი  შეიცვალა, მოგვიწია ყველასგან იზოლირება და სახლში დარჩენა-  დისტანციურად  მუშაობა და სწავლა,  რამაც გარკვეული სირთულეები გამოიწვია.  განსაკუთრებით   მტკივნეულად ეს პროცესი მარგინალიზებულმა ჯგუფებმა- ჩვენი საზოგადოების ყველაზე დაუცველი თემის წევრებმა:  ბავშვებმა, მოხუცებმა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  პირებმა გადაიტანეს. 

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები (შემდგომში შშმ პირები), მათ შორის ბავშვები , აღმოჩნდა ერთ-ერთი ყველაზე  სენსიტიური ჯგუფი პანდემიის დროს, გაუჭირდათ ახალ წესებთან ადაპტირება. ამ პერიოდში ყველაზე კარგი შედეგი მიიღეს იმ შშმ პირებმა, სადაც იგრძნობოდა ოჯახის წევრების მხარდაჭერა და დისტანციურად გრძელდებოდა სხვადასხვა თერაპიული ჩართულობა. 

  უახლოესმა კვლევებმა აჩვენა, რომ ყველაზე დიდი პრობლემა შშმ პირთა  ჯგუფებთან მიმართებაში იყო მათი სოციალური კავშირების შემცირება და ზოგ შემთხვევაში სრული სოციალური იზოლაცია! მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს შორის აუცილებელია ფიზიკური სივრცის შექმნა COVID 19 გავრცელების შესაჩერებლად, უნდა შევინარჩუნოთ სოციალური კავშირები.

   მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში გაჩნდა  ლოზუნგი, რომ „პანდემიის დროს აუცილებელი  ფიზიკური დისტანცირება  არ ნიშნავს სოციალურ დისტანცირებას“ !

  კვლევებმა აჩვენა, რომ ყველაზე კარგად  მუსიკას შეუძლია  ხელი შეუწყოს   სოციალური კავშირების დამყარებასა და გაძლიერებას  ფიზიკური დაშორების  პერიოდშიც კი.

დიდი მოთხოვნა იყო  დისტანცირების პერიოდში  სხვადასხვა  მუსიკალურ-კულტურული აქტივობის გაზიარების, რომლებშიც შშმ პირები უპრობლემოდ  ჩაერთვებოდნენ…

დღეიდან   საქართველოს რეალობაშიც არსებობს ყველასთვის ხელმისაწვდომი  სხვადასხვა კატეგორიისა და ფორმის მუსიკალური აქტივობებით დატვირთული, ეფექტური, მარტივად მოხმარებადი ელექტრონული პლატფორმა, რომელიც როგორც პანდემიის პერიოდში, ასევე ჩვეულებრივ რეჟიმშიც ეფექტურად იმუშავებს.