ა(ა)იპ “მშობელთა ხიდი”

ა/ორგანიზაცია „მშობელთა ხიდი“ შეიქმნა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლების, პროფესიონალების, ამ კატეგორიის ბავშვებთან მომუშავე პერსონალის – ფსიქოლოგების, ინიციატივით. მისი დაარსების თარიღი 2002 წლის 20 ივნისია. ა(ა)იპ „მშობელთა ხიდის“ მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის საზოგადოებაში ინკლუზიისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების შეძენა.
ამ წლების განმავლობაში ორგანიზაციამ ბევრი წარმატებული პროექტი განახორციელა, რომელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია: დღის ცენტრი შშმ პირებისთვის, რომელიც ყოველდღიურად 50-მდე შშმ პირს ემსახურება;
აღნიშნულ ორგანიზაციას დიდი გამოცდილება დაუგროვდა მუსიკალური, მუსთერაპიული მეთოდების გამოყენების მხრივ. ამ სფეროში წარმატებული მუშაობის შედეგად შეიქმნა და ეფექტიანად ფუნქციონირებს „პარაორკესტრი“ და „მუსთერაპიული ცენტრი“ ;
პარაორკესტრი – ყველასათვის ცნობილი ორკესტრი სხვადასხვა კატეგორიის შშმ პირთა მონაწილეობით. პარაორკესტრმა თავისი დაარსების დღიდან (2014 წ. ) – დღემდე 50-მდე კონცერტი ჩაატარა და შეასრულა დიდ სცენაზე მუსიკალური ნომრები ისეთ გენიალურ მუსიკოსებთან კოლაბორაციაში, როგორებიც არიან: ნიკოლოზ რაჭველი, დათუნა ალადაშვილი, დათო ევგენიძე, ნიკა მაჩაიძე , ლიზი ბაგრატიონი, ნატო მეტონიძე და სხვა… მათ რეპერტუარში 30 -ზე მეტი სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებია;
მუსთერაპიული ცენტრი – (დაარსების თარიღი : 2016 წელი) საქართველოში პირველი მუსიკალური თერაპიის ცენტრი, სადაც ყველა მსურველს მის ინდივიდუალურ საჭიროებებიდან გამომდინარე უტარდება მუსთერაპიული სერვისები, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად. აღნიშნულ ცენტრს მეთოდურ სუპერვიზიას ინგლისის საერთაშორისო მუსთერაპიული ასოციაცია „Music As Therapy” უწევს.
ა(ა)იპ „მშობელთა ხიდმა“ თავისი მუშაობით კარგად დაანახა საზოგადოებას მუსთერაპიის მთავარი მიზანი და შედეგი – ადამიანებმა მუსიკის საშუალებით აღმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები და დაძლიონ ის ბარიერები, რომელთა მიმართ სხვა მიდგომები ნაკლებად ეფექტიანია.
სწორედ ამ მნიშვნელოვანი შედეგების გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ ყველა დაინტერესებული პირისთვის ჩვენი მიღწევების გაზიარება!